წარმოება

წნორში მდებარე საწარმოში დასაქმებულია 35 ადამიანი. მიმდინარე წარმადობაა 15,000 ჩურჩხელას დღეში. ძირითად ნედლეულს თხილეულის გარდა წარმოადგენს ყურძნის ადგილობრივი ჯიშების (რქაწითელისა და საფერავის) კონცენტრატები (ბადაგები). წარმოების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების სრული დაცვით, შემდეგნაირია: ბადაგის ფქვილით შესქელების შემდეგ ხდება ძაფზე ასხმული და თონეში მოხალული ნიგვზის ან თხილის მასში ამოვლება. შემდეგ ჩურჩხელა გადის 2-ჯერად გაშრობას სპეციალურ საშრობებში, რის შემდეგაც მას ეცლება ძაფი და იფუთება. ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცედურის დროს, ჰაერისა და პროდუქტის ტემპერატურების გარდა მკაცრად კონტროლდება ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორებიცაა ფარდობითი ტენიანობა და ჰაერის ცირკულაცია საშრობებში და წყლის აქტივობა და ტენშემცველობა პროდუქტში.